კომპანის წარმომადგენლებმა ავლაბრის რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, შეხვდებოდათ თუ არა მათ გიორგი მარგველაშვილი. „ჩვენ ვეცადეთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომ სიმართლე გვეთქვა. საათზე მეტხანს ველოდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ გვხვდება. ალბათ, მას სიმართლის მოსმენა არ უნდა. უკვე გასაგებია ყველაფერი, რომ მას ჩვენთან შეხვედრა არ სურს. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის არასამთავრობოების, „ნაციონალების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პრეზიდენტი. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენ ჩვენს სამუშაოს მივხედავთ, აქ ჩვენს ყოფნას აზრი აღარ აქვს. ახლა წავალთ და ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ საკონფერენციო დარბაზი გამოგვიყონ, რათა ჩვენი, მშრომელი ხალხის აზრი დავაფიქსიროთ“, – განაცხადა RMG-ის თანამშრომელმა გიორგი ნასყიდაშვილმა. კომპანია RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა იყო. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და მას საყდრის-ყაჩაღიანთან განვითარებული მოვლენების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან. RMG-ის თანამშრომლები ამის გამო ითხოვდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომ საკუთარი ინფორმაციაც მიეწოდებინათ. მათთან შესახვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესო აბაშიძე და პრესამსახურის წარმომადგენელი მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში. მათ RMG-ის თანამშრომლებისგან მოთხოვნები მოისმინეს.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 298 | დაამატა: slot | თარიღი: 21.04.2015 | კომენტარი (0)

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესო აბაშიძე და პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც ისინი საინიციატივო ჯგუფს შეხვდნენ. ბესო აბაშიძე RMG-ის თანამშრომლებს იმ მიზნით შეხვდა, რომ გაერკვია, თუ რას ითხოვდნენ ისინი, შემდეგ კი აუხსნა, რომ მოთხოვნები წერილობითი ფორმით უნდა ჩამოეყალიბებინათ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ოფიციალურად მიემართათ, თუმცა მის ამ შეთავაზებაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უარი თქვეს. მათ პრეზიდენტის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტთან შეხვედრას ცდილობენ, თუმცა შეხვედრა აქამდე არ შედგა. მათ ბესო აბაშიძეს ისიც განუმარტეს, რომ საყდრის-ყაჩაღიანი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არ შეიძლება საკითხის პოლიტიზირება. მათივე თქმით, კომპანია RMG-ის უამრავ თანამშრომელს სამსახურის დაკარგვა ემუქრება. „გადაეცით პრეზიდენტს, რომ ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ პრეზიდენტი შეგვხვდეს. ჩვენი იმპერატიული მოთხოვნაა მასთან შეხვედრა“, – განუცხადეს RMG-ის თანამშრომლებმა პრეზიდენტის წარმომადგენლებს. პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. რაც შეეხებათ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ისინი განცხადების დაწერას არ აპირებენ. ისინი პრეზიდენტის მისაღებში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ აქვე დაელოდებიან, სანამ პრეზიდენტი არ მიიღებს. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომპანია RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 256 | დაამატა: slot | თარიღი: 21.04.2015 | კომენტარი (0)

კომპანია RMG-ის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კომპანია RMG-ის შესახებ არასწორ ინფორმაციას ფლობს. საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ საყდრის-ყაჩაღიანთან განვითარებულ მოვლენებს პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სპეკულირებისთვის იყენებენ. მათ პრეტენზია აქვთ პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძესთან, მის განცხადებებს საყდრისთან დაკავშირებით არ იზიარებენ და თავად კოჟრიძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. „მინდა მივმართო პრეზიდენტს, განა ასეთი ძნელია მართალ ადამიანებთან ლაპარაკი?! პრეზიდენტი უჯერებს გრანტიჭამია კოჟორიძეს. იქნებ დღეს თვითონ გამოიჩინოს ინიციატივა და შეგვხვდეს. ამ საწარმოს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ განა ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჩვენს სამსახურებს შევწიროთ? მაგრამ იქ არავითარი კულტურული ძეგლი არ არის. საწარმომ უნდა იმუშაოს და ქვეყნის ეკონომიკა აყვავდეს. გიორგი მარგველაშვილს შეუძია ჩვენისთანა ხალხის პრეზიდენტიც იყოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მანანა მიქელაძემ. RMG-ის თანამშრომლის გიორგი ნასყიდაშვილის განმარტებით კი, პრეზიდენტმა მხოლოდ არასამთავრობოებს კი არა, RMG-ის თანამშრომლებსაც უნდა მოუსმინოს, რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეს. „პრეზიდენტთან ვითხოვთ შეხვედრას და გვინდა გაგვარკვიოს, რა კონსულტაციები მიდიოდა არასამთავრობოებთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“. თუმცა ჩვენ ვიცით რა კონსულტაციებიც მიდიოდა. ეს იყო თანამშრომლებს შორის საბოტაჟის მოწყობისთვის გამართული კონსულტაციები. ჩვენი აზრით, პრეზიდენტი ან არასწორად არის ინფორმირებული ამ საკითხზე, ან მხოლოდ გრანტიჭამია არასამთავრობოების პრეზიდენტია“, – განაცხადა გიორგი ნასყიდაშვილმა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აცხადებენ, კაზრეთიდან 2 თვის წინ ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩამოსული იმავე მოთხოვნით, რომ პრეზიდენტს შეხვედროდნენ, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა მათთან შეხვედრის ნება არ გამოიჩინა.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 264 | დაამატა: slot | თარიღი: 21.04.2015 | კომენტარი (0)