14:35
RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს
კომპანია RMG-ის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კომპანია RMG-ის შესახებ არასწორ ინფორმაციას ფლობს. საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ საყდრის-ყაჩაღიანთან განვითარებულ მოვლენებს პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სპეკულირებისთვის იყენებენ. მათ პრეტენზია აქვთ პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძესთან, მის განცხადებებს საყდრისთან დაკავშირებით არ იზიარებენ და თავად კოჟრიძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. „მინდა მივმართო პრეზიდენტს, განა ასეთი ძნელია მართალ ადამიანებთან ლაპარაკი?! პრეზიდენტი უჯერებს გრანტიჭამია კოჟორიძეს. იქნებ დღეს თვითონ გამოიჩინოს ინიციატივა და შეგვხვდეს. ამ საწარმოს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ განა ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჩვენს სამსახურებს შევწიროთ? მაგრამ იქ არავითარი კულტურული ძეგლი არ არის. საწარმომ უნდა იმუშაოს და ქვეყნის ეკონომიკა აყვავდეს. გიორგი მარგველაშვილს შეუძია ჩვენისთანა ხალხის პრეზიდენტიც იყოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მანანა მიქელაძემ. RMG-ის თანამშრომლის გიორგი ნასყიდაშვილის განმარტებით კი, პრეზიდენტმა მხოლოდ არასამთავრობოებს კი არა, RMG-ის თანამშრომლებსაც უნდა მოუსმინოს, რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეს. „პრეზიდენტთან ვითხოვთ შეხვედრას და გვინდა გაგვარკვიოს, რა კონსულტაციები მიდიოდა არასამთავრობოებთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“. თუმცა ჩვენ ვიცით რა კონსულტაციებიც მიდიოდა. ეს იყო თანამშრომლებს შორის საბოტაჟის მოწყობისთვის გამართული კონსულტაციები. ჩვენი აზრით, პრეზიდენტი ან არასწორად არის ინფორმირებული ამ საკითხზე, ან მხოლოდ გრანტიჭამია არასამთავრობოების პრეზიდენტია“, – განაცხადა გიორგი ნასყიდაშვილმა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აცხადებენ, კაზრეთიდან 2 თვის წინ ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩამოსული იმავე მოთხოვნით, რომ პრეზიდენტს შეხვედროდნენ, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა მათთან შეხვედრის ნება არ გამოიჩინა.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 265 | დაამატა: slot | ტეგები: rmg | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar