19:15
ირაკლი მამალაძე: არ გვინდა ვიყოთ გამოყენებული ვინმეს იარაღად
საყდრისის დაცვის კომიტეტი პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნება და მათთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საყდრისის დაცვის კომიტეტთან დაკავშირებით ისმის ბრალდებები, რომ კომიტეტი პოლიტიკურ პარტიებთან, კერძოდ კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობს. "ჩვენ ვართ საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ძალა და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებთ ურთიერთობას და ვემიჯნებით ყველას. იყო გარკვეული აქტივობები საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით "თავისუფალ დემოკრატებთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან". თუმცა, დღევანდელი ჩვენი შეხედულება არის ასეთი", - აღნიშნა მამალაძემ. მისივე თქმით, მედიაში კობა ნაყოფიას განცხადება იყო წარმოჩენილი საყდრისის დაცვის კომიტეტთან ერთ კონტექსტში. "გვაქვს ეჭვები, რომ ეს ადამიანი იწყებს ბრძოლას კომპანიის მენეჯმენტთან და ჩვენ არ გვინდა ვიყოთ გამოყენებული ვინმეს იარაღად და მოხდეს ისე, რომ ჩვენი აქტივობა ვინმემ გამოიყენოს", - განახცადა მამალაძემ. კომიტეტის კიდევ ერთი წევრის, ნინო ბურჭულაძის თქმით კი, საყდრისის დაცვის კომიტეტი არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და დამოუკიდებელი რჩება საყდრისისთვის ბრძოლაში. "საყდრისისთვის ბრძოლა არ შეწყდება. ჩვენ გვინდა ვინმე მავანმა არ იფიქროს, რომ ჩვენ ჩავერთვებით პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ დავრჩებით დამოუკიდებლები", - აღნიშნა ბურჭულაძემ.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 250 | დაამატა: slot | ტეგები: საყდრისი, ირაკლი მამალაძე, rmg, არემჯი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar