|
ვახტანგ დოლიძე (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) - კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი//ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ.4- 8
ქვემო ქართლის ერთი უმთავრეს ნაწილთაგანი დღევანდელი ბოლნისის რაიონი მდიდარია ქართული ხუროთმოძღვრების ნაირსახეობის ნაგებობებით. თვალსაჩინო ძეგლებითაა ცნობილი ეს რაიონი სამეცნიერო ლიტერატურაში. ამ ბოლო წლებში საკვლევი მუშაობა ჩატარდა კაზრეთის ხეობაშიც, რომელიც მდინარე მაშავრის შუა წელშია, მის მარჯვენა ნაპირზე. არქეოლოგებმა კაზრეთის ველ - მინდვრებზე ძველი სამთო საქმისა და რკინის მეტალურგიის ნაშთები გამოავლინეს. გაითხარა რკინის მეტალურგიული ქურა-სახელოსნოს ნაშთები, რომელსაც განვითარებულ შუასაუკუნეებს XI - XIV სს. მიაკუთვნებენ (ექსპედიციების ხელმძღვანელი ი.გრძელიშვილი). მრეწველობის ოდესღაც მდიდარმა მხარემ უკანასკნელ წლებში ახალი ცხოვრება დაიწყო. აქ შენდება საქართველოს სამთამადნო მრეწველობის საწარმოთა კომპლექსი და ფერადი მეტალურგიის ქალაქი - მადნეული. გასულ, 1968 წ. გაიხსნა თბილის-მარნეულ-კაზრეთის მარშრუტით ელექტრომატარებლების რეგულარული მოძრაობა. მადნეულში დიდი სამუშაოები წარმოებს ბუნების სიმდიდრეთა კარიერების მოსამზადებლად. სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის აშენებისთანავე, მზად იქნება კარიერებიც და წიაღისეულ სიმდიდრეთა გადამუშავებასაც შეუდგებიან.
|