რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...
$GLOBAL_HOME -$
ბოლო აქტივობა
მთავარი » ინფო კაზრეთზე
« 1 2 3 4 5 6 »
ქორეოგრაფიული ანსამბლი 37 წელია კულტურის სახლის ბაზაზე არსებობს, მაგრამ სწავლა უფასო არასდროს ყოფილა. სტუდიის მოსწავლეებს ყოველთვიურად 25, ხოლო ანსამბლის მოცეკვავეებს 30 ლარის გადახდა უწევდათ. კომპანიის კეთილი ნებით და დაფინანსებით, მარტის თვიდან, ანსამბლ „მადნეულში“ სწავლა უფასო გახდა. „არემჯი“ ყოველთვიურად 110 ბავშვს დააფინანსებს. ქორეოგრაფის აღნიშვნით, ცეკვაზე სიარულის მსურველი ბევრია, თუმცა უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ სიარულს. მას შემდეგ კი, რაც სწავლა უფასო გახდა, გაიზრდება ბავშვთა რაოდენობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილე დავით შერაზადიშვილთან ერთად დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულა. დაბა კაზრეთის პირველი მიკრორაიონის ცენტრში უკვე მეორე თვეა საზოგადოებრივი სერვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით სერვის ცენტრი, რომელიც 900 კვ.მეტრ ფართობზე განთავსდება,მოსახლეობას 80-მდე მომსახურებას შესთავაზებს. დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დაბიდან გაუსვლელად ისარგებლონ საჯარო და კერძო სექტორის ათეულობით სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისთვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ დაბა კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ეროვნული არქივი, მაგთის ოფისი, ფეიბოქსი, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სს ,,ლიბერთი ბანკი"-სა და შპს ,,მექანიზატორის" წარმომადგენლობა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში კაზრეთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტიც. იუსტიციის სახლის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პირამიდა“ ასრულებს, რომელსაც ადგილობრივი მუშახელი ჰყავს დასაქმებული. მომსახურების სერვის ცენტრის მშენებლობის პარალელურად მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაბა კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი მაისის ბოლოს გაიხსნება. ,, დაბა კაზრეთში ჩვენ ვაშენებთ მორიგ საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს. ეს ემსახურება იგივე მიზანს, რაც სხვა რაიონებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, რომ იუსტიციის სახლში არსებული საჯარო და კერძო სერვისები არ იყოს მხოლოდ ქალაქის ფუფუნება და იმ რაიონში, სადაც ბევრი კორპუსია, ბავშვები, ახალგაზრდა თაობა და პენსიონერები ცხოვრობენ, ბანკი იქნება ეს, პასტორტი თუ სხვა 200-ზე მეტი სერვისი იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის",- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები საბადოს ჯერ კიდევ შეუსწავლელ ტერიტორიაზე ქართველ და გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის შესვლას ითხოვენ. მათი თქმით, არქეოლოგები და გეოლოგები ოქროს უძველესი მაღაროს შესახებ დამატებით ინფრომაციას მოიპოვებენ. კომიტეტის წევრები ამ მოთხოვნით დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ. საყდრისის მცველები ასევე მოითხოვენ შეჩერდეს სამუშაოები, საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და დეპუტატებმა კომისიის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირონ.
კომპანია „არემჯი“ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ბრალდებებს პასუხობს. კომპანია განცხადებას ავრცლებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო პერიოდში „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების“ მხრიდან, კომპანია „არემჯის“ მისამართით არაერთი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა (მაგ: თებერვლის შუა რიცხვებში, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ცალკეული წევრები აცხადებდნენ, თითქოს ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა „მნიშვნელოვანი არტეფაქტები“). მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ღიად მოსთხოვა კომიტეტის წევრებს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, ან ინფორმაციის უარყოფა, დღეს ისინი მედიასაშუალებით კვლავ განაგრძობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და კომპანიის მისამართით მორიგი ბრალდებების წარდგენას.
კომპანია "არემჯი გოლდი" გადაცემა "აქცენტების" ავტორს ეკა კვესიტაძეს პასუხობს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი ეკა კვესიტაძის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიამ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი იმიტომ განაცხადა, თითქოს კითხვებზე პასუხისთვის მობილიზება ვერ მოახერხა, არ შეესაბამება სიმართლეს. "2015 წლის 26 თებერვალს, კომპანია „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განსხვავებუული აქცენტებიდან“ დაუკავშირდნენ, მაშინ როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში უკვე გადიოდა გადაცემის „აფეთქებული საყდრისის“ ანონსი, ჩაწერილი იყო სხვა ყველა რესპონდენტი. გადაცემის პროდიუსერისგან „არემჯის“ პრესსამსახურმა ელექტრონული ფოსტით მართალაც მიიღო წინასწარი შეკითხვები, თუმცა 27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „არემჯის“ სახელით უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე.
"ნიკა გვარამია - ნაც. პროკურორი, ეკა კვესიტაძე - მარიონეტი ჟურნალისტი" - ამ შინაარსის ტრანსფარენტებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტები" ეთერში არ გავიდეს. "საყდრისი ხალხის კეთილდღეობისთვის და არა გრანტიჭამია არასამტავრობოებისათვის." - აქციის წევრები აქციით "არემჯი" გოლდსაც მიმართავენ და მოუწოდებენ საყდრისს თავი დაანებონ. ცნობისათვის, კვესიტაძის დღევანდელი გადაცემა სწორედ საყდრისს შეეხება. აქციის წევრები მოითხოვენ, რომ გადაცემა ეთერში არ გავიდეს.
დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, შენობისთვის ტერიტორია უკვე შერჩეულია, რომელიც კაზრეთის პირველ მიკრორაიონში მდებარეობს და დაახლოებით 900 კვ მეტრ ფართობს მოიცავს. შენობის აშენების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. „რამდენიმე თვეში დაბა კაზრეთში აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და მოსახლეობა ადგილზე საკმაოდ ბევრ სერვისს მიიღებს. ამავე ცენტრში განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაბის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი იქნება, დასაქმების პერსპექტივა ექნებათ ადგილობრივ კადრებს, რომლებსაც იუსტიციის სახლი დაატრენინგებს. სათანადოდ მომზადებული კადრები სრულფასოვან მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას. ცენტრის მშენებლობის პროექტი მთლიანად დაფინანსებულია სამინისტროს მიერ, გარე პერიმეტრის მოწყობას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, დაბა კაზრეთში ბაგა-ბაღის რემონტი დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ინდუსტრია 2“-მა სამუშაოები ხელშეკრულებით ას სამუშაო დღეში უნდა დაასრულოს. 12 ჯგუფიან ბაღში 9 მოქმედია, მათ შორის ოთხი გარემონტებულია, დანარჩენი ხუთი ჯგუფი კი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ვინაიდან ოთახებში არ იყო იატაკი, ბავშვებს ბეტონის საფარზე უწევდათ ყოფნა. ჯგუფებში კაპიტალური რემონტი ჩატარდება და მოხდება კიდევ დამატებით სამი ჯგუფის გახსნა. როგორც საბავშვო ბაღის მენეჯერმა აღნიშნა ბაღში 287 აღსაზრდელი დადიოდა, თუმცა მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ჯგუფების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ვერ ხდებოდა ყველას დაკმაყოფილება, წელს კი დამატებით ასი განცხადება მიიღეს და გარემონტებული ჯგუფები შეძლებს კონტინგენტის დაკმაყოფილებას.
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში ოქროს საბადოს მუშების საპროტესტო აქციას ის შედეგი მოჰყვა, რომ ადმინისტრაციამ ხელფასი მოუმატა, მაგრამ წარმოების პროცესით გამოწვეული მძიმე ეკოლოგიური პრობლემები კვლავ სახეზეა და დროულ ჩარევას საჭიროებს. ადგილზე ჩასვლა და არსებული რეალობის საკუთარი თვალით ნახვა გადავწყვიტე. თბილისი- კაზრეთის სამარშრუტო მიკროავტობუსს დაბის ბოლომდე მივყვები. ამის შემდეგ უკვე სოფელი ბალიჭია, რომლის მაცხოვრებლებიც მოპირდაპირედ, საყდრისის ახალ საბადოზე მუდმივი აფეთქებებით შეწუხებულნი არიან. პროტესტს კი გამოთქვამენ, მაგრამ ღიად ვერ იბრძვიან, რადგან სოფლელები წარმოებაში არიან დასაქმებულნი და საარსებო წყარო აქედან აქვთ შექმნილი. კაზრეთშიც ანალოგიური ვითარებაა _ ორივე მხარეს საბადოებში აფეთქებებია, ჰაერი მოწამლულია, დაავადებების მაჩვენებელი კატასტროფულ ზღვარსაა მიახლოებული, მაგრამ მავნე წარმოების გაჩერებას, მაინც ასეთ ყოფაში ცხოვრება ურჩევნიათ. მართლაც ურთულესი მდგომარეობაა, საიდანაც რეალური გამოსავალი არ ჩანს. თუმცა სჯობს, უშუალოდ, კაზრეთელებსა და ბალიჭელებს მოვუსმინოთ. დასახლების მეორე ბოლოში, პატარა მაღაზიაში შევდივარ. მფლობელ- გამყიდველი ცისნამი ხიზანიშვილი აქ, დაახლოებით, 40 წელია ცხოვრობს. ადრე საბავშვო ბაღში მუშაობდა, მერე „ქვეყანა რომ აირია“, ჯერ ბაზარში გავიდა სავაჭროდ და მერე გარკვეული თანხა რომ შეაგროვა, საკუთარი მაღაზია გახსნა. დღეს მისი მთავარი სატკივარიც ისაა, რომ კაზრეთის მოსახლეობას მოწამლულ ჰაერზე უწევს ცხოვრება: „ვიცით, რომ ოქროს დამუშავება ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. კაზრეთში ჯანმრთელი არავინაა, თითქმის ყველას სახსრები სტკივა, დაავადებები მომატებულია... მეც ჩიყვი და სისხლძარღვების შევიწროება მაქვს. მოწამლული ჰაერის პრობლემას, ალბათ, არაფერი ეშველება, ქარხანა რომ დაიკეტოს, ხალხი უსაქმოდ დარჩება. გვირჩევნია, მოწამლულ ჰაერზე ვიცხოვროთ, ვიდრე მშივრები დავიხოცოთ. როგორ უნდა გაუმჯობესდეს წარმოება, ვერაფერს გეტყვით, ეს საკითხი უფროსობის გადასაწყვეტია, ამის გამო, კომუნალურ გადასახადებზე მაინც გარკვეული შეღავათები უნდა გვქონდეს. აქ დაუსაქმებელიც ძალიან ბევრია, ცხოვრება უჭირთ. ბანკებმა ხალხი ისეთ დღეში ჩააგდო, თავს ზემოთ ვეღარ წევენ. ადამიანები ჯერ მიიზიდეს, ეგონათ, საარსებო წყარო გაჩნდა, მაგრამ მერე ვალები დაედოთ, ოჯახებს პურის ფულის პრობლემა აქვთ... შეიძლება ჩვენთან, მაღაზიებთან ვალში იყვნენ, მაგრამ ბანკში მიდიან და კრედიტს იხდიან“. ადგილობრივმა ასტან კალანდაროვმა დაბის გამგებელთან განცხადება დაწერა და თვეზე მეტია წარმოებაში სამუშაოს ელოდება; ამბობს, რომ ორივე მხარეს საბადოს მუშაობის მიუხედავად, კაზრეთის 60 პროცენტი უმუშევარია და მის მსგავსად, სამსახურს ჯანღონით სავსე ბევრი ახალგაზრდა ელის: „სახლში ექვსნი ვართ, ავადმყოფი ბავშვი მყავს, რაც თავი მახსოვს, უმუშევარი ვარ. მერვე წელია, მამაჩემი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 47 წლის კაცს, ბებერი ხარო, უთხრეს. გამოდის, მოხუცმა არ უნდა ჭამოს და იარსებოს. მეც ახლა მივმართე სამსახურის დაწყების თხოვნით, კაზრეთის ახალმა გამგებელმა გვითხრა, პრობლემა არ იქნება, ყველანაირად დაგეხმარებითო. მარტო მე კი არა, სხვებსაც პირდება დასაქმებას. ერთი თვის წინ განცხადება დავწერე და ჯერ გამოხმაურება არ ყოფილა. კაზრეთში ნახევარზე მეტი უმუშევარია და ყველა დასაქმებას ელოდება. გაჭირვებით ვცხოვრობთ, ხან მამაჩემი გვეხმარება, ხან თურქეთში მივდივარ შავ სამუშაოზე“. შუა დასახლებაში ასაკოვანი ადამიანი, ვინაობის გამხელის გარეშე შემომჩივის, რომ მოსახლეობას ორივე მხარეს საბადოებზე მუდმივი აფეთქების ხმა აწუხებს, ჰაერი მოწამლულია, მაგრამ ვერაფერს ამბობს, თუ როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემას: „ასეთი მდგომარეობის გამო, აქ მხოლოდ ბეღურები დარჩნენ, მერცხლები უკანმოუხედავად გაფრინდნენ. თავის დროზე, 11 ათასი კაცი ცხოვრობდა კაზრეთში, დღეს მესამედით მაინც იქნება შემცირებული. აქაურობა, ძირითადად, ბერძნებმა და აზერბაიჯანელებმა დატოვეს, დარჩენილებს არსებული გარემოს გათვალისწინებით, არანაირი შეღავათი არ გვაქვს. იქნებ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაგვიტარონ, ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა. სამ თვეში ერთხელ მაინც გამოიკვლიონ ადამიანები, რომ უბედურებას თავი დავაღწიოთ. სამედიცინო პოლისი უნდა გაუმჯობესდეს, რეალურ დახმარებას ვერ ვიღებთ იმ ფონზე, როცა წარმოების გამო მოსახლეობის უმეტესობა დაავადებულია“. მთავარ ქუჩაზე, კიდევ ერთი მაღაზიის გამყიდველი მერი ასლამაზაშვილიც ამბობს, რომ კაზრეთში ლამის ყოველი მეორე ავადმყოფობს. პირადად მას, შვილი ,,ცე’‘ ჰეპატიტით ჰყავს ავად და საშუალება არ აქვს, რომ სათანადოდ უმკურნალოს: „როდესაც რეზერვში გასაწვევად ჩვენი ახალგაზრდები გამოიძახეს, ჩავიდნენ და ყველა „დაბრაკეს“. ბავშვს ვეკითხები, რატომ დაბრუნდი, შვილო, რამე ხომ არ დააშავე- თქო, არაფერი, თურმე ღვიძლი მაწუხებს და რაც ბიჭები ვიყავით, კაზრეთელები, ყველა ამ მიზეზით გამოგვისტუმრესო. დავფიქრდი, ამ ბავშვებს რა სჭირთ-მეთქი. მერე ჩემი ხელფასით ერთი ძვირადღირებული ანალიზი ძლივს გავაკეთეთ, იმას კი ვეღარ გავწვდით, რომ ვუმკურნალოთ. მასობრივად ასეთი მდგომარეობაა, ქალები ძირითადად, ონკოლოგიური ავადმყოფები ვართ, ბავშვები, ახალგაზრდები გაუბედურებულები არიან. ჩემი რძალი მაინც დასაქმონ, რომ ქმარს ხელი შეუწყოს და წამალი იყიდოს, მეტს არაფერს ვითხოვთ; იქნებ დაზღვევის პოლისი გააუმჯობესონ, რომ რეალური დახმარება მივიღოთ, არსებულით სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ. ხელფასის მომატებას ველოდებით, რომ კიდევ კრედიტი გამოვიტანოთ და შვილს ვუმკურნალო. მთავრობის წინააღმდეგ ვერ წავალთ, მაგრამ რამენაირად უნდა მოგვხედონ, რომ ასეთ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ. არჩევნების მერე მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ოქროს წარმოების მუშები გაიფიცნენ, ხელფასების მომატება მოითხოვეს და მიაღწიეს კიდეც“. ერთადერთი, ვინც კაზრეთელ მუშა- მოსამსახურეებს საპროტესტო აქციაში ბოლომდე გვერდით დაუდგა, ეკოლოგი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და მისი ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფია“: „ქვეყანაში არსებული შრომითი ურთიერთობა, კაზრეთის ოქროს მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოში მძიმედ იყო ასახული. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მასშტაბური ეკოლოგიური დაბინძურების საწარმოები, მუშებთან მიმართებაში ელემენტარულ შრომით და უსაფრთხოების ნორმებს არ უზრუნველყოფდნენ. მოულოდნელი იყო გარემოება, რომ მუშა- მოსამსახურეები ათი დღის განმავლობაში გაფიცულები ყოფილან და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერვე დღეს თქვენგან, „ვერსიისგან“ მივიღე, როდესაც თემაზე კომენტარი მთხოვეთ. როგორც ჩანს, ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. მეცხრე დღეს, როგორც „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ თავმჯდომარე, ადგილობრივების თხოვნით ადგილზე ჩავედი, სულ ოთხი ადამიანი ვიყავით. მუშა- მოსამსახურეებთან ერთად საპროტესტო აქცია ჩავატარეთ, მოთხოვნებს იურიდიული და გამართული სახე მივეცით. აქციის ლიდერებს წინასწარი მოლაპარაკება ჰქონდათ „ერემჯი გოლდისა“ და „ერემჯი კუპერის“ წარმომადგენლებთან, რომ მათთან შეხვედრა შედგებოდა. ვურჩიე, თუნდაც დარღვევით დაწყებული გაფიცვა გაეგრძელებინათ და ბოლომდე ებრძოლათ; თუ შედეგი არ იქნებოდა, სამ დღეში, უკვე ოჯახის წევრებთან ერთად სრულმასშტაბიანი გამოსვლა დაწყებულიყო. მიდგომამ საბოლოო ჯამში გაამართლა, მეორე დღეს კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, მოთხოვნები დიდწილად დაეკმაყოფილებინათ, 50%-იანი ხელფასის დანამატი მიიღეს მუშა- მოსამსახურეებმა. კომპანიას არჩევანი არც ჰქონია, რადგან კაზრეთში სამუშაოდ, ათასრვაას ადამიანს ციდან ვერ ჩამოიყვანდნენ, მით უმეტეს, მომწამვლელ და ლამის, სასიკვდილო გარემოში. ზეწოლისა და საინფორმაციო ბლოკადის პირობებში, მუშებთან ერთად შედეგს მაინც მივაღწიეთ, ამისკენ მოვუწოდებ ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენელსაც. ძალიან გახარებულნი ვართ, რომ ათასობით ოჯახს სოციალური შეღავათი მივეცით. სამწუხაროდ, მსგავს მდგომარეობაში არიან ჭიათურის, ტყიბულის, სხვა დიდი საწარმოების თანამშრომლები, რომლებსაც, პრაქტიკულად, მონურ პირობებში უწევთ შრომა და უღირსი დამოკიდებულების მსხვერპლნი არიან. მოვუწოდებ, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის, მათი გადარჩენა, პირველ რიგში მათივე ხელშია და ჩვენი ორგანიზაცია გვერდში დგომას პირდება _ რითიც შეგვიძლია, დავეხმარებით და წარმატებული მაგალითებიც გვაქვს. პრეცედენტს განვითარება სჭირდება, მოვუწოდებ, იგივე ეკოლოგიასთან დაკავშირებით პრინციპულობა გამოიჩინონ, კაზრეთში მძიმე ეკოლოგიური ვითარებაა, უსაფრთხოების ნორმების გაზრდის მიზნით, კაზრეთელებსა და ბალიჭელებთან ერთად ვაპირებთ ბრძოლას ისევე, როგორც სვანეთში ვიბრძვით ხაიშელების გვერდიგვერდ’‘... კაზრეთში არსებული რეალობა ბევრ კითხვისნიშანს ბადებს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს დასაქმებისა და საბანკო კრედიტების გადახდის გამო, მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არ უნდა უწევდეთ. ერთხელ და სამუდამოდ, ე.წ. მავნე წარმოებებმა კეთილი უნდა ინებონ და, ყოველდღიური მუშაობა ისე წარმართონ, ხალხი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დააყენონ. ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ადამიანია და ეს აქსიომა ვინმეს თუ არ ესმის, კანონისა და ელემენტარული სამართლიანობის სახელით უნდა შეაგნებინონ. მერაბ ბერიძე
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, მადნის მომპოვებელი საწარმოს, RMG COPPER-ისა და RMG GOLD-ის გაფიცული მუშების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს კაზრეთიდან ჩამოსული მუშები შეუერთდნენ. „არა შრომით ექსპლუატაციას“, „სოლიდარობა კაზრეთელ მუშებს“, „მუშა და არა მონა“,- წაიკითხავდით აქციის მონაწილეთა პლაკატებზე. 2013 წლის 30 იანვარს, საწარმოში დასაქმებულ 184 მუშას სამუშაო კონტრაქტი შეუწყდა. 14 თებერვალს საწარმოს 500-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცული მუშების თქმით, მათ აუტანელ პირობებში უხდებათ მუშაობა, სანაცვლოდ კი მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ. მიუხედავად ჯანმრთელობისათვის საშიში შრომითი პირობებისა, არ აქვთ სრულფასოვანი სადაზღვევო პაკეტი, არც გამართული ინვენტარით არიან უზრუნველყოფილი. გიორგი აზარაშვილი აქციაზე დასასწრებად კაზრეთიდან სხვა გაფიცულ მუშებთან ერთად ჩამოვიდა. იგი ერთ-ერთია იმ 184 მუშათაგან, რომელიც 30 იანვარს RMG COPPER-მა სამსახურიდან გაათავისუფლა. 4 თებერვლამდე შვებულება ჰქონდა აღებული, თუმცა კომპანიისგან მიიღო წერილი, რომელშიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ატყობინებდნენ. ის კომპანიაში ზეინკალად მუშაობდა. მისი თქმით, მუშების მცდელობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წარემართათ, უშედეგო აღმოჩნდა,- „არანაირ კომპრომისზე არ მოდიან, პირიქით, გვაღიზიანებენ. წერილში ეწერა, რომ შრომითი ხელშეკრულება 37-ე მუხლის „ა“ პუნქტით შეგვიწყდა, რაც რეორგანიზაციასა და ეკონომიკრ კრიზისს გულისხმობს. ეს ტყუილია, ჯერ კიდევ 5 დღის წინ გაფიცვამდე, როცა შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელობას, მაშინ არანაირ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა.“ გიორგი აზარაშვილი ამბობს, რომ მუშებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ, -უპირველეს ყოვლისა, უსამართლოდ განთავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე დაბრუნება და მათთვის ხელფასების მომატება. გარდა ამისა, გაფიცული მუშები მოითხოვენ, რომ კომპანიამ შესაბამისი ინვენტარის მიწოდებით მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს და ეფექტური სადაზღვევო სისტემა შემუშავდეს. ჯანმრთელობის დაზღვევას აქციის მონაწილე მუშები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ. იმის გამო, რომ ყოველდღიურად მომწამლავ ნივთიერებებთან უწევთ შეხება, მათი თქმით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა აწუხებთ, არსებული სადაზღვევო პაკეტი კი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მინიმუმსაც კი ვერ უზრუნველყოფს. დალი მამულაშვილი RMG COPPER-ში ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტად მუშაობდა. მისი თქმით, კომპანიამ თანამშრომლები, უსამართლოდ გაათავისუფლა, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით მუშების განსხვავებულ შეხედულებას ასახელებს, - „ჩვენ ვართ მკვიდრი ბალიჭელები, იქვეა ყაჩაღიანის მაღარო. იმის გამო, რომ ჩვენ გარემოს ვიცავთ, იმის გამო, რომ ჩვენ პირობების გაუმჯობესება მოვითხოვეთ, სამუშაო კონტრაქტი გაგვიუქმეს. თვალებს გვიხვევენ, თვითონ მილიონებს შოულობენ ჩვენი შრომით, 14 საათი გვამუშავებენ, სანაცვლოდ კი ჩვენს ნამუშევარ ხელფასსაც კი არ გვაძლევენ.“ აქცია სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების წევრი გიორგი გაბელია გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს - „სოციალ-დემოკრატების ახალგაზრდული ფრთა, სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ კაზრეთელ მუშებს, რომლებიც სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ ჩვენც ვიყავით კაზრეთში, გავეცანით იქ არსებულ სიტუაციას და ვთხოვეთ, რომ საწარმოს თბილისის ოფისთან გაგვემართა აქცია.“ აქციის მონაწილეებმა ტატიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც საწარმოს ოფისი ეგულებოდათ, რათა კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ და მათთვის გაფიცული მუშების მოთხოვნები კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ. თუმცა, ადგილზე გაირკვა, რომ კომპანიამ აღნიშნული მისამართი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. აქციის მონაწილეთა თქმით, მითითებული ინფორმაცია კომპანიის ახალი მისამართის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აღნიშნულ მისამართზე კომპანიის შენობა უბრალოდ არ არსებობს.