რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

რეპორტაჟი დაბა კაზრეთიდან

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 23.02.2014 - 21:44
  • ნახვები : 286
  • რეიტინგი : 3.7 / 3
მასალა
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში ოქროს საბადოს მუშების საპროტესტო აქციას ის შედეგი მოჰყვა, რომ ადმინისტრაციამ ხელფასი მოუმატა, მაგრამ წარმოების პროცესით გამოწვეული მძიმე ეკოლოგიური პრობლემები კვლავ სახეზეა და დროულ ჩარევას საჭიროებს. ადგილზე ჩასვლა და არსებული რეალობის საკუთარი თვალით ნახვა გადავწყვიტე. თბილისი- კაზრეთის სამარშრუტო მიკროავტობუსს დაბის ბოლომდე მივყვები. ამის შემდეგ უკვე სოფელი ბალიჭია, რომლის მაცხოვრებლებიც მოპირდაპირედ, საყდრისის ახალ საბადოზე მუდმივი აფეთქებებით შეწუხებულნი არიან. პროტესტს კი გამოთქვამენ, მაგრამ ღიად ვერ იბრძვიან, რადგან სოფლელები წარმოებაში არიან დასაქმებულნი და საარსებო წყარო აქედან აქვთ შექმნილი. კაზრეთშიც ანალოგიური ვითარებაა _ ორივე მხარეს საბადოებში აფეთქებებია, ჰაერი მოწამლულია, დაავადებების მაჩვენებელი კატასტროფულ ზღვარსაა მიახლოებული, მაგრამ მავნე წარმოების გაჩერებას, მაინც ასეთ ყოფაში ცხოვრება ურჩევნიათ. მართლაც ურთულესი მდგომარეობაა, საიდანაც რეალური გამოსავალი არ ჩანს. თუმცა სჯობს, უშუალოდ, კაზრეთელებსა და ბალიჭელებს მოვუსმინოთ. დასახლების მეორე ბოლოში, პატარა მაღაზიაში შევდივარ. მფლობელ- გამყიდველი ცისნამი ხიზანიშვილი აქ, დაახლოებით, 40 წელია ცხოვრობს. ადრე საბავშვო ბაღში მუშაობდა, მერე „ქვეყანა რომ აირია“, ჯერ ბაზარში გავიდა სავაჭროდ და მერე გარკვეული თანხა რომ შეაგროვა, საკუთარი მაღაზია გახსნა. დღეს მისი მთავარი სატკივარიც ისაა, რომ კაზრეთის მოსახლეობას მოწამლულ ჰაერზე უწევს ცხოვრება: „ვიცით, რომ ოქროს დამუშავება ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. კაზრეთში ჯანმრთელი არავინაა, თითქმის ყველას სახსრები სტკივა, დაავადებები მომატებულია... მეც ჩიყვი და სისხლძარღვების შევიწროება მაქვს. მოწამლული ჰაერის პრობლემას, ალბათ, არაფერი ეშველება, ქარხანა რომ დაიკეტოს, ხალხი უსაქმოდ დარჩება. გვირჩევნია, მოწამლულ ჰაერზე ვიცხოვროთ, ვიდრე მშივრები დავიხოცოთ. როგორ უნდა გაუმჯობესდეს წარმოება, ვერაფერს გეტყვით, ეს საკითხი უფროსობის გადასაწყვეტია, ამის გამო, კომუნალურ გადასახადებზე მაინც გარკვეული შეღავათები უნდა გვქონდეს. აქ დაუსაქმებელიც ძალიან ბევრია, ცხოვრება უჭირთ. ბანკებმა ხალხი ისეთ დღეში ჩააგდო, თავს ზემოთ ვეღარ წევენ. ადამიანები ჯერ მიიზიდეს, ეგონათ, საარსებო წყარო გაჩნდა, მაგრამ მერე ვალები დაედოთ, ოჯახებს პურის ფულის პრობლემა აქვთ... შეიძლება ჩვენთან, მაღაზიებთან ვალში იყვნენ, მაგრამ ბანკში მიდიან და კრედიტს იხდიან“. ადგილობრივმა ასტან კალანდაროვმა დაბის გამგებელთან განცხადება დაწერა და თვეზე მეტია წარმოებაში სამუშაოს ელოდება; ამბობს, რომ ორივე მხარეს საბადოს მუშაობის მიუხედავად, კაზრეთის 60 პროცენტი უმუშევარია და მის მსგავსად, სამსახურს ჯანღონით სავსე ბევრი ახალგაზრდა ელის: „სახლში ექვსნი ვართ, ავადმყოფი ბავშვი მყავს, რაც თავი მახსოვს, უმუშევარი ვარ. მერვე წელია, მამაჩემი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 47 წლის კაცს, ბებერი ხარო, უთხრეს. გამოდის, მოხუცმა არ უნდა ჭამოს და იარსებოს. მეც ახლა მივმართე სამსახურის დაწყების თხოვნით, კაზრეთის ახალმა გამგებელმა გვითხრა, პრობლემა არ იქნება, ყველანაირად დაგეხმარებითო. მარტო მე კი არა, სხვებსაც პირდება დასაქმებას. ერთი თვის წინ განცხადება დავწერე და ჯერ გამოხმაურება არ ყოფილა. კაზრეთში ნახევარზე მეტი უმუშევარია და ყველა დასაქმებას ელოდება. გაჭირვებით ვცხოვრობთ, ხან მამაჩემი გვეხმარება, ხან თურქეთში მივდივარ შავ სამუშაოზე“. შუა დასახლებაში ასაკოვანი ადამიანი, ვინაობის გამხელის გარეშე შემომჩივის, რომ მოსახლეობას ორივე მხარეს საბადოებზე მუდმივი აფეთქების ხმა აწუხებს, ჰაერი მოწამლულია, მაგრამ ვერაფერს ამბობს, თუ როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემას: „ასეთი მდგომარეობის გამო, აქ მხოლოდ ბეღურები დარჩნენ, მერცხლები უკანმოუხედავად გაფრინდნენ. თავის დროზე, 11 ათასი კაცი ცხოვრობდა კაზრეთში, დღეს მესამედით მაინც იქნება შემცირებული. აქაურობა, ძირითადად, ბერძნებმა და აზერბაიჯანელებმა დატოვეს, დარჩენილებს არსებული გარემოს გათვალისწინებით, არანაირი შეღავათი არ გვაქვს. იქნებ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაგვიტარონ, ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა. სამ თვეში ერთხელ მაინც გამოიკვლიონ ადამიანები, რომ უბედურებას თავი დავაღწიოთ. სამედიცინო პოლისი უნდა გაუმჯობესდეს, რეალურ დახმარებას ვერ ვიღებთ იმ ფონზე, როცა წარმოების გამო მოსახლეობის უმეტესობა დაავადებულია“. მთავარ ქუჩაზე, კიდევ ერთი მაღაზიის გამყიდველი მერი ასლამაზაშვილიც ამბობს, რომ კაზრეთში ლამის ყოველი მეორე ავადმყოფობს. პირადად მას, შვილი ,,ცე’‘ ჰეპატიტით ჰყავს ავად და საშუალება არ აქვს, რომ სათანადოდ უმკურნალოს: „როდესაც რეზერვში გასაწვევად ჩვენი ახალგაზრდები გამოიძახეს, ჩავიდნენ და ყველა „დაბრაკეს“. ბავშვს ვეკითხები, რატომ დაბრუნდი, შვილო, რამე ხომ არ დააშავე- თქო, არაფერი, თურმე ღვიძლი მაწუხებს და რაც ბიჭები ვიყავით, კაზრეთელები, ყველა ამ მიზეზით გამოგვისტუმრესო. დავფიქრდი, ამ ბავშვებს რა სჭირთ-მეთქი. მერე ჩემი ხელფასით ერთი ძვირადღირებული ანალიზი ძლივს გავაკეთეთ, იმას კი ვეღარ გავწვდით, რომ ვუმკურნალოთ. მასობრივად ასეთი მდგომარეობაა, ქალები ძირითადად, ონკოლოგიური ავადმყოფები ვართ, ბავშვები, ახალგაზრდები გაუბედურებულები არიან. ჩემი რძალი მაინც დასაქმონ, რომ ქმარს ხელი შეუწყოს და წამალი იყიდოს, მეტს არაფერს ვითხოვთ; იქნებ დაზღვევის პოლისი გააუმჯობესონ, რომ რეალური დახმარება მივიღოთ, არსებულით სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ. ხელფასის მომატებას ველოდებით, რომ კიდევ კრედიტი გამოვიტანოთ და შვილს ვუმკურნალო. მთავრობის წინააღმდეგ ვერ წავალთ, მაგრამ რამენაირად უნდა მოგვხედონ, რომ ასეთ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ. არჩევნების მერე მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ოქროს წარმოების მუშები გაიფიცნენ, ხელფასების მომატება მოითხოვეს და მიაღწიეს კიდეც“. ერთადერთი, ვინც კაზრეთელ მუშა- მოსამსახურეებს საპროტესტო აქციაში ბოლომდე გვერდით დაუდგა, ეკოლოგი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და მისი ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფია“: „ქვეყანაში არსებული შრომითი ურთიერთობა, კაზრეთის ოქროს მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოში მძიმედ იყო ასახული. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მასშტაბური ეკოლოგიური დაბინძურების საწარმოები, მუშებთან მიმართებაში ელემენტარულ შრომით და უსაფრთხოების ნორმებს არ უზრუნველყოფდნენ. მოულოდნელი იყო გარემოება, რომ მუშა- მოსამსახურეები ათი დღის განმავლობაში გაფიცულები ყოფილან და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერვე დღეს თქვენგან, „ვერსიისგან“ მივიღე, როდესაც თემაზე კომენტარი მთხოვეთ. როგორც ჩანს, ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. მეცხრე დღეს, როგორც „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ თავმჯდომარე, ადგილობრივების თხოვნით ადგილზე ჩავედი, სულ ოთხი ადამიანი ვიყავით. მუშა- მოსამსახურეებთან ერთად საპროტესტო აქცია ჩავატარეთ, მოთხოვნებს იურიდიული და გამართული სახე მივეცით. აქციის ლიდერებს წინასწარი მოლაპარაკება ჰქონდათ „ერემჯი გოლდისა“ და „ერემჯი კუპერის“ წარმომადგენლებთან, რომ მათთან შეხვედრა შედგებოდა. ვურჩიე, თუნდაც დარღვევით დაწყებული გაფიცვა გაეგრძელებინათ და ბოლომდე ებრძოლათ; თუ შედეგი არ იქნებოდა, სამ დღეში, უკვე ოჯახის წევრებთან ერთად სრულმასშტაბიანი გამოსვლა დაწყებულიყო. მიდგომამ საბოლოო ჯამში გაამართლა, მეორე დღეს კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, მოთხოვნები დიდწილად დაეკმაყოფილებინათ, 50%-იანი ხელფასის დანამატი მიიღეს მუშა- მოსამსახურეებმა. კომპანიას არჩევანი არც ჰქონია, რადგან კაზრეთში სამუშაოდ, ათასრვაას ადამიანს ციდან ვერ ჩამოიყვანდნენ, მით უმეტეს, მომწამვლელ და ლამის, სასიკვდილო გარემოში. ზეწოლისა და საინფორმაციო ბლოკადის პირობებში, მუშებთან ერთად შედეგს მაინც მივაღწიეთ, ამისკენ მოვუწოდებ ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენელსაც. ძალიან გახარებულნი ვართ, რომ ათასობით ოჯახს სოციალური შეღავათი მივეცით. სამწუხაროდ, მსგავს მდგომარეობაში არიან ჭიათურის, ტყიბულის, სხვა დიდი საწარმოების თანამშრომლები, რომლებსაც, პრაქტიკულად, მონურ პირობებში უწევთ შრომა და უღირსი დამოკიდებულების მსხვერპლნი არიან. მოვუწოდებ, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის, მათი გადარჩენა, პირველ რიგში მათივე ხელშია და ჩვენი ორგანიზაცია გვერდში დგომას პირდება _ რითიც შეგვიძლია, დავეხმარებით და წარმატებული მაგალითებიც გვაქვს. პრეცედენტს განვითარება სჭირდება, მოვუწოდებ, იგივე ეკოლოგიასთან დაკავშირებით პრინციპულობა გამოიჩინონ, კაზრეთში მძიმე ეკოლოგიური ვითარებაა, უსაფრთხოების ნორმების გაზრდის მიზნით, კაზრეთელებსა და ბალიჭელებთან ერთად ვაპირებთ ბრძოლას ისევე, როგორც სვანეთში ვიბრძვით ხაიშელების გვერდიგვერდ’‘... კაზრეთში არსებული რეალობა ბევრ კითხვისნიშანს ბადებს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს დასაქმებისა და საბანკო კრედიტების გადახდის გამო, მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არ უნდა უწევდეთ. ერთხელ და სამუდამოდ, ე.წ. მავნე წარმოებებმა კეთილი უნდა ინებონ და, ყოველდღიური მუშაობა ისე წარმართონ, ხალხი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დააყენონ. ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ადამიანია და ეს აქსიომა ვინმეს თუ არ ესმის, კანონისა და ელემენტარული სამართლიანობის სახელით უნდა შეაგნებინონ. მერაბ ბერიძე წყარო
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar